ყველა პროგრამა

სერტიფიცირების სქემა

სერტიფიკაციის სქემა - ბიზნესის შეფასება

ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებლის სერტიფიცირება

CERTIFICATION SCHEME

სერტიფიკაციის სქემა IVA-CS-P26-1-3, გამოცემა 1

დამტკიცებულია ა(ა)იპ „საერთაშორისო საშემფასებლო აკადემიის“ (IVA) სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის 2026 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით № IVA-O-26-06. ანაცვლებს სქემას IVA-CS-P/20-1-3 (11.06.2025).

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი დამტკიცებულია ა(ა)იპ „საერთაშორისო საშემფასებლო აკადემიის“ სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ. დოკუმენტი ხელმისაწვდომია სერტიფიკაციის ორგანოს ყველა თანამშრომლისთვის და საჯაროდ ქვეყნდება სერტიფიკაციის ორგანოს ვებგვერდზე (www.iva.org.ge). ვებგვერდზე განთავსდება მხოლოდ მოქმედი გამოცემა.

სქემის წინა გამოცემების შემუშავებაში სფეროს ექსპერტებად მონაწილეობდნენ ნინო ბერაია და გიორგი ლეჟავა. სქემის შემუშავებასა და პერიოდულ განხილვაში, სფეროს ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები (საფინანსო ინსტიტუტები, აუდიტორული კომპანიები, შეფასების მომსახურების მომხმარებლები).

სქემის შინაარსი (სამუშაოს აღწერა, ამოცანები, კომპეტენციები, წინაპირობები, საგამოცდო საკითხები, რესერტიფიკაციის მოთხოვნები და ინტერვალი) ეფუძნება სამუშაოს ანალიზს, რომელიც დაადასტურა სქემების განხილვის ჯგუფმა (ოქმი IVA-CS-R26-2). 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი და ტრენერები სქემის შემუშავებასა და გადახედვაში არ მონაწილეობენ (ორგანიზაციული სტრუქტურა IVA-OS-P26-1, მე-6 თავი).

სქემის წინაპირობები და მინიმალური საგანმანათლებლო მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების (IVSG) მიერ დადგენილი მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც, თავის მხრივ, შეესაბამება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (IVS). საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოება არის IVSC-ისა (International Valuation Standards Council) და TEGoVA-ს (The European Group of Valuers' Associations) წევრი ორგანიზაცია.

შეფასების მექანიზმები, კომპეტენციის მოთხოვნები და შეფასების ანგარიშის ანალიზის კრიტერიუმები შესაბამისობაშია ANEVAR-ის (რუმინეთის აკრედიტებულ შემფასებელთა ასოციაცია) და TEGoVA-ს კრიტერიუმებთან და IVS-ის პრინციპებთან. სქემის შემუშავებისას გათვალისწინებულია შემდეგი ორგანიზაციების სქემებისა და პროცედურების შესწავლის შედეგები: HYPZERT (გერმანია, www.hypzert.de); ლატვიის ქონების შემფასებელთა ასოციაცია (www.vertetaji.lv); ANEVAR (რუმინეთი, www.anevar.ro).

სერტიფიკაციის ორგანოს სამივე სქემაში (უძრავი ქონება, მატერიალური მოძრავი ქონება, ბიზნესი და არამატერიალური აქტივები) ერთნაირია გამოცდის სტრუქტურა და ხანგრძლივობა, გამსვლელი ზღვრები (ტესტში 70%, ამოცანებში 50%), გამომცდელების რაოდენობა, ანგარიშის შეფასების წესი, საფასური, სერტიფიკატის მოქმედების ვადა და რესერტიფიკაციის წესი; განსხვავდება ტესტის კითხვების რაოდენობა (უძრავი ქონება - 100, მატერიალური მოძრავი ქონება და ბიზნესი - 40) და, შესაბამისად, გამსვლელი ქულა. პარამეტრები შეესაბამება ხარისხის სახელმძღვანელოს (IVA-QM-26-1) და საგამოცდო კომიტეტის დებულებას (IVA-ECR-P26-1). შესაბამისობა მოწმდება სქემების შესაბამისობის ცხრილით (IVA-CS-R26-1).

სერტიფიკაციის პროგრამის შედგენისას გამოყენებული ლიტერატურა:

1. International Valuation Standards (IVS), IVSC, ძალაშია 2025 წლის 31 იანვრიდან: IVS 100-106 (ზოგადი სტანდარტები) და IVS 200 „ბიზნესი და ბიზნესში წილი“, IVS 210 „არამატერიალური აქტივები“, IVS 220 „არაფინანსური ვალდებულებები“, IVS 500 „ფინანსური ინსტრუმენტები“;

2. Asset Valuation Standards, The National Association of Authorized Romanian Valuers (ANEVAR);

3. Cost of Capital: Applications and Examples, 4th edition, Shannon P. Pratt, Roger J. Grabowski, 2010;

4. Business Valuation Body of Knowledge, Shannon P. Pratt, Alina V. Niculita;

5. Understanding Business Valuation: A Practical Guide to Valuing Small to Medium Sized Businesses, Gary R. Trugman, 5th edition, 2017, AICPA;

6. Financial Valuation: Applications and Models, James R. Hitchner (ed.), 4th edition, 2017, John Wiley & Sons.

მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო

1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სერტიფიკაციის სქემა განსაზღვრავს ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შეფასების სფეროში პროფესიული სერტიფიკაციის ჩატარების წესებსა და პროცედურებს.

2. სერტიფიკაციის სქემა შემუშავებულია სსტ ისო/იეკ 17024:2026/2026 სტანდარტისა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) მოთხოვნათა გათვალისწინებით. სერტიფიკაციის პროცესში მონაწილე მხარეებისთვის სერტიფიკაციის სქემა არის ძირითადი დოკუმენტი.

3. სერტიფიკაციის სფერო: ბიზნესის (საწარმოს, ბიზნესში წილის, აქციების) და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული არაფინანსური ვალდებულებებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ღირებულების შეფასება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS 100-106, IVS 200, IVS 210, IVS 220, IVS 500) შესაბამისად, სხვადასხვა მიზნისთვის (ყიდვა-გაყიდვა და ინვესტიცია, ფინანსური ანგარიშგება, რესტრუქტურიზაცია, დაბეგვრა, სესხის უზრუნველყოფა, დავები და სხვ.).

4. სერტიფიკაციის სქემის შეცვლა შესაძლებელია, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილება, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) ახალი გამოცემა, სფეროს ან ბაზრის საქმიანობის თავისებურებები, აპელაციების, საჩივრების, გამომცდელთა მონიტორინგის ან გამოცდის შედეგების ანალიზი. სქემას შეიმუშავებს და ცვლის სერტიფიკაციის ორგანო სქემების განხილვის ჯგუფის მონაწილეობით, რომელშიც შედიან სფეროს ექსპერტები და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. სერტიფიკაციის ორგანო სქემას სისტემატურად განიხილავს არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, აგრეთვე IVS-ის ახალი გამოცემის ძალაში შესვლისას. სქემის ყოველი ცვლილებისას ხარისხის მენეჯერი ამოწმებს მის შესაბამისობას ხარისხის სახელმძღვანელოსთან, საგამოცდო კომიტეტის დებულებასა და დანარჩენ სქემებთან და განაახლებს შესაბამისობის ცხრილს (IVA-CS-R26-1). თუ სქემის ცვლილება სერტიფიცირებული პირების დამატებით შეფასებას მოითხოვს, სერტიფიკაციის ორგანო ასეთი შეფასების მეთოდებს საჯაროდ აქვეყნებს ვებგვერდზე და აცნობებს სერტიფიცირებულ პირებს.

5. სერტიფიკაციის ორგანო სერტიფიკაციის არცერთ ეტაპზე (განაცხადის განხილვა, საგამოცდო მასალების შემუშავება, გამოცდის ჩატარება და შეფასება, მონიტორინგი, გადაწყვეტილების მიღება) არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გადაწყვეტილების შემთხვევაში სქემა წინასწარ შეიცვლება სსტ ისო/იეკ 17024:2026-ის 6.5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად (ადამიანის ზედამხედველობა, შედეგების ვალიდაცია სფეროს ექსპერტების მიერ, პერსონალის კომპეტენცია, განმცხადებლისა და კანდიდატის ინფორმირება).

6. სერტიფიკაციის გამოცდები ტარდება ქართულ ენაზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებელი - პირი, რომლის პროფესიულ საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესის (საწარმოს, წილის, აქციების) და არამატერიალური აქტივების ღირებულების შეფასება და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

ბ) განმცხადებელი - პირი, რომელსაც სურს ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებლის სერტიფიკატის მოპოვება და წარმოადგენს განაცხადს სერტიფიკაციის გავლის მიზნით;

გ) კანდიდატი - განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს განაცხადის მოთხოვნებს (მათ შორის წინაპირობებს) და დაშვებულია სერტიფიკაციის გამოცდაზე;

დ) სერტიფიკაციის ორგანო - ა(ა)იპ „საერთაშორისო საშემფასებლო აკადემიის“ სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17024 სტანდარტის შესაბამისად და ახორციელებს ფიზიკური პირების სერტიფიცირებას;

ე) საგამოცდო კომიტეტი - ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შეფასების სპეციალისტებისგან (გამომცდელებისგან) შემდგარი კომიტეტი, რომელიც აფასებს კანდიდატებს საგამოცდო კომიტეტის დებულების (IVA-ECR-P26-1) შესაბამისად;

ვ) სააპელაციო კომისია - კომისია, რომელიც იქმნება კონკრეტული აპელაციის განსახილველად და განიხილავს განმცხადებლის, კანდიდატის ან სერტიფიცირებული პირის აპელაციას სერტიფიკაციის ორგანოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება მის სასერტიფიკაციო სტატუსს (სააპელაციო კომისიის დებულება IVA-ACR-P21-1);

ზ) სასაჩივრო კომისია - კომისია, რომელიც იქმნება კონკრეტული საჩივრის განსახილველად და განიხილავს სერტიფიკაციის ორგანოს ან სერტიფიცირებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივარს (სასაჩივრო კომისიის დებულება IVA-CCR-P21-1);

თ) სერტიფიცირება - სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებლის კომპეტენციის დადგენა და მისი შესაბამისობის აღიარება სერტიფიკაციის მოთხოვნებთან;

ი) სერტიფიკატი - სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სერტიფიცირებული პირის მიერ სერტიფიკაციის წარმატებით გავლას, სერტიფიკაციის სფეროსა და მოქმედების ვადის მითითებით;

კ) სერტიფიკაციის საფასური - წინამდებარე სქემით განსაზღვრული თანხა, რომელიც გადაიხდება სერტიფიკაციის პროცესში მონაწილეობისთვის;

ლ) სერტიფიკაციის პროგრამა - სერტიფიკაციის სფეროს თემატური აღწერა (დანართი 5), რომლის საფუძველზეც დგება საგამოცდო საკითხები;

მ) წერითი გამოცდა - გამოცდა, რომელიც მოიცავს ტესტირებასა და პრაქტიკულ ამოცანებს;

ნ) ზეპირი გამოცდა - გამოცდა, რომელიც გულისხმობს კანდიდატის მიერ შეფასების ანგარიშის წარდგენას და გამომცდელების კითხვებზე პასუხის გაცემას;

ო) შეფასების ანგარიში - დამკვეთისთვის განკუთვნილი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ბიზნესის, ბიზნესში წილის ან არამატერიალური აქტივის ღირებულების შეფასებას შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) საფუძველზე;

პ) რესერტიფიკაცია - სერტიფიკატის განახლების პროცესი, რომელიც ტარდება სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ადასტურებს სერტიფიცირებული პირის კომპეტენციის შენარჩუნებას;

ჟ) მონიტორინგი (ზედამხედველობა) - სერტიფიცირებული პირის საქმიანობის სერტიფიკაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება მე-13 მუხლით დადგენილი მეთოდებითა და კრიტერიუმებით;

რ) განგრძობითი პროფესიული განვითარება - სერტიფიცირებული პირის მიერ სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია პროფესიული ცოდნის განახლებასა და შენარჩუნებაზე (კონფერენცია, სემინარი, ტრენინგი, სხვისი ანგარიშის მიმოხილვა, პროფესიული პუბლიკაცია, ლექციის ჩატარება, პროფესიული ლიტერატურის დამოუკიდებელი შესწავლა და სხვ.);

ს) აპელაცია - განმცხადებლის, კანდიდატის ან სერტიფიცირებული პირის მოთხოვნა, გადაიხედოს სერტიფიკაციის ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მის სასერტიფიკაციო სტატუსს;

ტ) საჩივარი - ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება (გარდა აპელაციისა) სერტიფიკაციის ორგანოს ან სერტიფიცირებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხი მოსალოდნელია;

უ) გამომცდელი - საგამოცდო კომიტეტის წევრი, რომელიც კომპეტენტურია ჩაატაროს და შეაფასოს გამოცდა;

ფ) ზედამხედველი (ინვიგილატორი) - სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით უფლებამოსილი პირი, რომელიც ზედამხედველობს წერითი გამოცდის მიმდინარეობას, მაგრამ არ აფასებს კანდიდატის კომპეტენციას და არ არის საგამოცდო კომიტეტის წევრი;

ქ) სერტიფიცირებული პირი - პირი, რომელსაც სერტიფიკაციის ორგანომ მიანიჭა სერტიფიკატი და რომელიც აგრძელებს სერტიფიკაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე სქემა არეგულირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების, სერტიფიკატის გაცემის, შენარჩუნების, რესერტიფიკაციის, შეჩერებისა და გაუქმების წესს.

2. სერტიფიკაციის ორგანო უზრუნველყოფს საგამოცდო კომიტეტის ფორმირებას და გამოცდის ჩატარებას წინამდებარე სქემითა და საგამოცდო კომიტეტის დებულებით (IVA-ECR-P26-1) დადგენილი წესით.

3. საგამოცდო კომიტეტის წევრები (გამომცდელები) არიან სფეროს სპეციალისტები, რომლებიც აფასებენ კანდიდატებს, ხოლო სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილებას იღებს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი გამოცდის შედეგების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები პირი არ მონაწილეობს კანდიდატის გამოცდის ჩატარებასა და შეფასებაში და არ ყოფილა ჩართული მის მომზადებაში (სწავლებაში).

4. სერტიფიკაციის ორგანო, გონივრულ ფარგლებში, ითვალისწინებს განმცხადებლის ან კანდიდატის სპეციალურ საჭიროებებს (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის გამო), თუ ეს არ აზიანებს შეფასების ვალიდურობასა და სამართლიანობას. მოთხოვნა ცხადდება განაცხადში (IVA-CA-F26-1), ხოლო მიღებული გადაწყვეტილება აღირიცხება განაცხადის განხილვის ფურცელში (IVA-CA-F26-2).

5. ტრენინგის ან სასწავლო კურსის გავლა არ არის სერტიფიკაციის წინაპირობა და არ ამარტივებს, არ ამცირებს და არ ცვლის სერტიფიკაციის მოთხოვნებს. სერტიფიკაციის ორგანო არ აცხადებს და არ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რომელიმე სასწავლო კურსის გავლა სერტიფიკაციას აადვილებს.

მუხლი 4. სერტიფიკაციის ზოგადი ეტაპები

1. სერტიფიკაცია შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა) განაცხადის წარდგენა და განხილვა;

ბ) სერტიფიკაციის გამოცდა (წერითი და ზეპირი);

გ) გადაწყვეტილება სერტიფიკაციაზე და სერტიფიკატის გაცემა.

2. სერტიფიკაციის ორგანო ვებგვერდზე აქვეყნებს გამოცდაში მონაწილეობის პირობებს, სერტიფიკაციის პროგრამას, განაცხადის ფორმასა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნუსხას, სერტიფიკაციის სქემას, საფასურს, აპელაციისა და საჩივრების განხილვის პროცესის აღწერას.

მუხლი 5. მოთხოვნები განმცხადებლებისთვის

1. სერტიფიკაციაზე განაცხადის წარდგენა შეუძლია პირს, რომელსაც:

ა) მიღებული აქვს უმაღლესი, არასრული უმაღლესი ან პროფესიული განათლება, ან ირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად;

ბ) შეუძლია წარადგინოს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების ანგარიში(ები);

გ) აღიარებს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სერტიფიკაციის სქემას.

მუხლი 6. განცხადება სერტიფიკაციაზე და საფასური

1. სერტიფიცირების მსურველი პირი სერტიფიკაციის ორგანოში ელექტრონულად წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) შევსებული განაცხადის ფორმა (IVA-CA-F26-1);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

გ) რეზიუმე (CV);

დ) უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ე) ბიზნესის ან არამატერიალური აქტივების შეფასების ერთი ან რამდენიმე ანგარიში ქართულ ენაზე, რომლებიც ერთობლივად ფარავს შეფასების სამივე მიდგომას (შემოსავლების, საბაზრო და აქტივებზე დაფუძნებული), მომზადებული განმცხადებლის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ანგარიშები უნდა შეესაბამებოდეს შეფასების თარიღისთვის მოქმედ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს. საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიკაციის ორგანოს მოთხოვნით, განმცხადებელი წარადგენს გამოთვლით მოდელს Excel-ის ფორმატში. განმცხადებელი ასევე წარადგენს დამკვეთის თანხმობას ან სხვა მტკიცებულებას, რომ უფლება აქვს ანგარიში წარუდგინოს სერტიფიკაციის ორგანოს (ასეთი მტკიცებულება არ მოითხოვება, თუ ანგარიში მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას შეიცავს);

ვ) სპეციალური საჭიროებების გათვალისწინების მოთხოვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. განაცხადი და თანდართული დოკუმენტები იგზავნება ელექტრონულ მისამართზე certification@iva.org.ge.

3. სერტიფიკაციის საფასურია: წერითი გამოცდა - 150 ლარი; ზეპირი გამოცდა - 250 ლარი; რესერტიფიკაცია - 300 ლარი. წერითი გამოცდის საფასური გადაიხდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ზეპირი გამოცდის საფასური - ზეპირ გამოცდაზე დაშვების შემდეგ, ზეპირი გამოცდის თარიღამდე. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება სერტიფიკაციის ორგანოს. საფასურის გადახდა არ არის დაკავშირებული გამოცდის შედეგთან.

მუხლი 7. კანდიდატად აღიარება და გამოცდის დანიშვნა

1. სერტიფიკაციის ორგანოს მენეჯერი განიხილავს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განაცხადის განხილვის ფურცლით (IVA-CA-F26-2), რომელშიც თითოეული მოთხოვნის შესრულება აღინიშნება შესაბამისი დოკუმენტის მითითებით. განაცხადის განხილვის ვადაა 10 სამუშაო დღე.

2. განმცხადებელი კანდიდატად აღიარდება, თუ იგი აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ წინაპირობებს და სრულად წარადგენს მე-6 მუხლით მოთხოვნილ დოკუმენტებს. განაცხადის არასრულად წარდგენისას განმცხადებელს ეცნობება, რა დოკუმენტია დამატებით წარმოსადგენი.

3. კანდიდატს ეცნობება კანდიდატად აღიარების შესახებ და გამოცდის თარიღი და ადგილი, გამოცდამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.

4. თუ განმცხადებელი განაცხადის წარდგენისას ვერ წარადგენს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სერტიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია დაუშვას იგი გამოცდაზე პირობითად, თუ განმცხადებელი განაცხადში წერილობით აცხადებს, რომ აკმაყოფილებს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, და კისრულობს დოკუმენტის წარდგენას სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. პირობითი დაშვება და დოკუმენტის წარდგენის თარიღი აღირიცხება განაცხადის განხილვის ფურცელში. დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში სერტიფიკაციაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღება და სერტიფიკატი არ გაიცემა. სხვა წინაპირობაზე პირობითი დაშვება არ გამოიყენება.

მუხლი 8. სერტიფიკაციის პროგრამა და გამოცდის ეტაპები

1. სერტიფიკაციის გამოცდა ტარდება სერტიფიკაციის პროგრამის საფუძველზე (დანართი 5).

2. გამომცდელს, ზედამხედველსა და სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს არ უნდა ჰქონდეს გაწეული კანდიდატისთვის სასწავლო მომსახურება ბოლო 2 წლის განმავლობაში. გამომცდელი და ზედამხედველი ყოველი გამოცდის წინ გამოცდის უწყისში (IVA-EX-F26-1) წერილობით ადასტურებს, რომ კანდიდატთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს; კონფლიქტის არსებობისას იგი იცვლება, რაც აისახება კანდიდატის საქმეში.

3. სერტიფიკაცია მოიცავს წერით და ზეპირ გამოცდას. ზეპირ გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ კანდიდატი, რომელმაც ჩააბარა წერითი გამოცდა მე-8 პუნქტის შესაბამისად.

4. წერითი გამოცდა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) ტესტირება: 40 კითხვა, თითოეულს 4 შესაძლო პასუხით, ხანგრძლივობა 120 წუთი;

ბ) პრაქტიკული ამოცანები: 3 ამოცანა ღია პასუხით, ხანგრძლივობა 120 წუთი.

ეტაპებს შორის კანდიდატს ეძლევა 10-წუთიანი შესვენება.

5. საგამოცდო საკითხები ფორმულირდება სერტიფიკაციის პროგრამის საფუძველზე. სერტიფიკაციის ორგანო ყოველი გამოცდის წინ არანაკლებ 40%-ით განაახლებს წინა გამოცდაზე გამოყენებულ ტესტს. ერთი სესიის ყველა კანდიდატს ტესტი მიეწოდება ერთდროულად, უშუალოდ გამოცდის დაწყების წინ. ყოველი სესიის ტესტი პროგრამის საკითხების მოცვის, ქულებისა და სირთულის მიხედვით ერთგვაროვანია. ყოველი სესიის შემდეგ სერტიფიკაციის ორგანოს მენეჯერი აანალიზებს ტესტის შედეგებს (IVA-EX-F26-2), ხოლო საგამოცდო კომიტეტი კითხვების ბანკს გადახედავს წელიწადში ერთხელ და IVS-ის ახალი გამოცემის ან შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილების ძალაში შესვლისას, საგამოცდო კომიტეტის დებულების (IVA-ECR-P26-1) 4.9 და 4.10 პუნქტების შესაბამისად. ახალ ან შეცვლილ კითხვას და მის სწორ პასუხს ამოწმებს არანაკლებ ორი გამომცდელი; ბანკში შედის მხოლოდ შემოწმებული კითხვა.

6. წერითი გამოცდის ჩასაბარებლად კანდიდატმა ტესტირებაში უნდა მიიღოს მაქსიმალური ქულის არანაკლებ 70%, ხოლო პრაქტიკულ ამოცანებში მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%.

7. წერითი გამოცდის შეფასება:

ა) ტესტის თითოეულ კითხვას აქვს ერთი სწორი პასუხი, რომელიც ფასდება 1 ქულით (მაქსიმუმ 40 ქულა);

ბ) თითოეული პრაქტიკული ამოცანა ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით (მაქსიმუმ 15 ქულა). ამოცანებს ასწორებს ერთი გამომცდელი და ამოწმებს მეორე გამომცდელი; თუ მათი შეფასება 1 ქულაზე მეტით განსხვავდება, საბოლოო ქულას ადგენს საგამოცდო კომიტეტის თავმჯდომარე მოდერაციით (IVA-ECR-P26-1, 4.12).

8. წერითი გამოცდა ჩაბარებულია, თუ კანდიდატმა ტესტირებაში მიიღო არანაკლებ 28 ქულა და პრაქტიკულ ამოცანებში არანაკლებ 8 ქულა (ჯამში არანაკლებ 36 ქულა).

9. ზეპირ გამოცდაზე გამომცდელები კითხვებს სვამენ სქემით მოთხოვნილი კომპეტენციის ფარგლებში, წერითი გამოცდის შედეგებისა და განაცხადთან ერთად წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის საფუძველზე.

10. ზეპირ გამოცდაზე კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) შეფასების ანგარიშის შესაბამისობა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან (IVS). ანგარიშს ზეპირ გამოცდამდე დამოუკიდებლად აფასებს თითოეული გამომცდელი შეფასების ანგარიშის შეფასების ფურცლით (IVA-CS-F26-6), ყოველი დაკლებული ქულის დასაბუთებით. კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, თუ გამომცდელების უმრავლესობის შეფასებით შედეგი 75%-ზე მეტია. თუ გამომცდელების შედეგები 10 პროცენტულ პუნქტზე მეტით განსხვავდება, ტარდება მოდერაცია (IVA-ECR-P26-1, 4.11);

ბ) ანგარიშის პრეზენტაცია და კითხვებზე პასუხი, რომელიც ფასდება ზეპირი გამოცდის შეფასების ფურცლით (IVA-CS-F26-2).

11. ზეპირ გამოცდას იღებს სამი გამომცდელი. თითოეული გამომცდელი შედეგს („ჩაეთვალა“ ან „არ ჩაეთვალა“) დამოუკიდებლად აფიქსირებს ზეპირი გამოცდის შეფასების ფურცელში (IVA-CS-F26-2). ზეპირი გამოცდა ჩაბარებულია, თუ „ჩაეთვალა“ დააფიქსირა გამომცდელების უმრავლესობამ და დაკმაყოფილებულია მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კრიტერიუმი.

12. ინფორმაცია გამოცდის შედეგის შესახებ კანდიდატს ეგზავნება ელექტრონულად, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. შეტყობინებაში მიეთითება აპელაციის უფლება და ვადა (მუხლი 10).

მუხლი 9. სერტიფიკატის გაცემა და მოქმედების ვადა

1. სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილებას იღებს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი წერითი და ზეპირი გამოცდის შედეგებისა და კანდიდატის საქმის განხილვის საფუძველზე. სერტიფიკატი ფორმდება ერთიანი ფორმის ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი და დასტურდება ორგანოს ბეჭდით. სერტიფიკატი დაცულია გაყალბებისგან უნიკალური ნომრით, რომლითაც მისი ნამდვილობა მოწმდება ვებგვერდზე განთავსებულ რეესტრში.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 წელი გაცემის დღიდან. სერტიფიკატზე მიეთითება გაცემისა და მოქმედების ვადის გასვლის თარიღები.

3. სერტიფიკატი შეიცავს:

ა) სერტიფიცირებული პირის სახელს და გვარს;

ბ) სერტიფიცირებული პირის პირად ნომერს;

გ) სერტიფიკატის უნიკალურ ნომერს;

დ) სერტიფიკაციის ორგანოს დასახელებას და საკონტაქტო ინფორმაციას (მისამართი, ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტა);

ე) მითითებას სერტიფიკაციის სქემაზე და მის გამოცემაზე (IVA-CS-P26-1-3, გამოცემა 1) და სსტ ისო/იეკ 17024 სტანდარტზე;

ვ) სერტიფიკაციის სფეროს;

ზ) სერტიფიკატის გაცემისა და მოქმედების ვადის გასვლის თარიღებს.

4. სერტიფიცირებულ პირთა მონაცემები ქვეყნდება რეესტრში მე-12 მუხლის შესაბამისად.

5. სერტიფიკატი სერტიფიცირებულ პირს გადაეცემა ელექტრონული სახით (PDF ფორმატში).

6. სერტიფიცირებული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს გარემოებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის უნარზე, შეასრულოს სერტიფიკაციის მოთხოვნები.

7. სერტიფიკატის გაცემის წინაპირობაა სერტიფიცირებულ პირთან შეთანხმების (ფორმა IVA-ACP-F26-1) გაფორმება, რომლითაც იგი კისრულობს სერტიფიკაციის მოთხოვნების შესრულებას, სერტიფიკატისა და ნიშნის მართებულ გამოყენებას (მუხლი 15) და შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში სერტიფიკატზე ყველა მითითების შეწყვეტას.

მუხლი 10. აპელაცია

1. განმცხადებელს, კანდიდატს ან სერტიფიცირებულ პირს შეუძლია აპელაციით გაასაჩივროს სერტიფიკაციის ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მის სასერტიფიკაციო სტატუსს, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. აპელაცია წარედგინება აპელაციის ფორმით, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე.

2. სააპელაციო კომისია განიხილავს აპელაციას, მათ შორის, შემდეგ გადაწყვეტილებებზე:

ა) განაცხადის განხილვის შედეგი (კანდიდატად აღიარებაზე უარი);

ბ) წერითი გამოცდის შედეგი;

გ) ზეპირი გამოცდის შედეგი, როგორც პირველადი სერტიფიცირებისას, ისე რესერტიფიცირებისას;

დ) რესერტიფიკაციის შედეგი;

ე) სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება ან სფეროს შემცირება.

3. აპელაციის განხილვის დასაბუთებული შედეგი აპელანტს ეგზავნება ელექტრონულად, აპელაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. აპელაციას განიხილავენ პირები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში, მათ შორის გამოცდის ჩატარებასა და შეფასებაში, და არ ჰქონიათ აპელანტისთვის სასწავლო მომსახურება გაწეული ბოლო 2 წლის განმავლობაში. ზეპირი გამოცდის შედეგის აპელაციისას კომისია განიხილავს ზეპირი გამოცდის შეფასების ფურცლებს, ანგარიშის შეფასების ფურცლებს, საჭიროების შემთხვევაში მოდერაციის ჩანაწერსა და გამოცდის ჩანაწერს (თუ გამოცდა იწერებოდა). აპელაციის შეტანა არ იწვევს აპელანტის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებას. აპელაციის მიღება აპელანტს წერილობით უდასტურდება, განხილვის დასრულების შესახებ კი ოფიციალური შეტყობინება ეგზავნება. დეტალური წესი განსაზღვრულია აპელაციების მართვის პროცედურით (IVA-AM-P20-1), რომლის აღწერა საჯაროდ ქვეყნდება ვებგვერდზე.

მუხლი 11. რესერტიფიკაცია

1. სერტიფიცირებული პირი რესერტიფიკაციის განაცხადს წარადგენს სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შემოსული განაცხადი მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ რესერტიფიკაციის დასრულება შესაძლებელია სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე; გადაწყვეტილება და მისი საფუძველი აღირიცხება განაცხადის განხილვის ფურცელში (IVA-CA-F26-2). სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ შემოსული განაცხადი განიხილება როგორც პირველადი სერტიფიკაციის განაცხადი.

2. რესერტიფიკაციის წინაპირობაა სერტიფიცირებული პირის საქმიანობის მონიტორინგი. სერტიფიცირებული პირი რესერტიფიკაციის განაცხადთან ერთად ავსებს და წარადგენს მონიტორინგის ფორმას (IVA-CS-F26-4) შემდეგი ინფორმაციით:

ა) საქმიანობის ანგარიში - ბოლო 2 წლის განმავლობაში სერტიფიცირებული პირის უშუალო მონაწილეობით შესრულებული შეფასების ანგარიშების ჩამონათვალი, თითოეული ანგარიშის შეფასების თარიღის, შეფასებული ობიექტის ტიპისა და გამოყენებული მიდგომების მითითებით. ჩანაწერი თარიღის გარეშე არ მიიღება;

ბ) (არასავალდებულო) განგრძობითი პროფესიული განვითარების აქტივობების ჩამონათვალი ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითოეული აქტივობის თარიღის, დასახელებისა და ორგანიზატორის მითითებით. ეს ინფორმაცია რესერტიფიკაციის კრიტერიუმი არ არის და გამოიყენება მხოლოდ გასაუბრების კითხვების მოსამზადებლად.

3. რესერტიფიკაციის განაცხადს და მონიტორინგის ფორმას ელექტრონულად ერთვის:

ა) განახლებული რეზიუმე (CV);

ბ) წინა სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში შესრულებული ბიზნესის ან არამატერიალური აქტივების შეფასების ერთი ან რამდენიმე ანგარიში ქართულ ენაზე, რომლებიც ერთობლივად ფარავს შეფასების სამივე მიდგომას. ანგარიშები უნდა შეესაბამებოდეს შეფასების თარიღისთვის მოქმედ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (IVS);

გ) რესერტიფიკაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. თუ რესერტიფიკაციის დოკუმენტაცია სრულად და დადგენილი მოთხოვნების დაცვით არის წარმოდგენილი, სერტიფიკაციის ორგანო ატარებს სტრუქტურულ გასაუბრებას წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის ირგვლივ. წარმოდგენილ ანგარიშს გასაუბრებამდე აფასებს და გასაუბრებას ატარებს არანაკლებ ორი გამომცდელი. ანგარიში ფასდება მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ორ გამომცდელს შორის აზრთა სხვადასხვაობისას ჩაერთვება მესამე (სათადარიგო) გამომცდელი.

5. რესერტიფიკაციის გასაუბრების სავალდებულო კომპონენტია ცოდნის აქტუალურობის შემოწმება: კითხვები სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში შეფასების საერთაშორისო სტანდარტებში (IVS), საქართველოს კანონმდებლობასა და საშემფასებლო პრაქტიკაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ და ამ ცვლილებების ასახვა წარმოდგენილ ანგარიშში.

6. გასაუბრების შედეგი ფორმდება ზეპირი გამოცდის შეფასების ფურცელში (IVA-CS-F26-2). განგრძობითი პროფესიული განვითარება ცალკე არ ფასდება.

7. რესერტიფიკაციაზე გადაწყვეტილებას იღებს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც გასაუბრებაში არ მონაწილეობს. გადაწყვეტილება სერტიფიცირებულ პირს ეგზავნება ელექტრონულად.

8. რესერტიფიკაციის შედეგის გასაჩივრებასა და ახალი სერტიფიკატის მოქმედების ვადაზე ვრცელდება პირველადი სერტიფიკაციისთვის დადგენილი წესები (მუხლები 9 და 10).

9. რესერტიფიკაციის 2-წლიანი ინტერვალი დადგენილია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: შეფასების საერთაშორისო სტანდარტებისა (IVS) და საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებები, ეკონომიკური გარემოსა და ფინანსური ბაზრების ცვალებადობა და არაკომპეტენტური შეფასებით მესამე პირებისთვის (ბანკები, ინვესტორები, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები) შექმნილი რისკი.

10. რესერტიფიკაციის ღონისძიებების შერჩევისას სერტიფიკაციის ორგანომ განიხილა სსტ ისო/იეკ 17024:2026-ის 9.6 პუნქტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. კომპეტენციის შენარჩუნება დასტურდება: ა) შეფასების ანგარიშის განხილვით; ბ) სტრუქტურული გასაუბრებით, მათ შორის ცოდნის აქტუალურობის შემოწმებით (მე-5 პუნქტი); გ) საქმიანობის ანგარიშით (მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). ხელახალი წერითი გამოცდა არ გამოიყენება, ვინაიდან შემფასებლის სამუშაოს შედეგი - შეფასების ანგარიში - უშუალოდ ფასდება. ფიზიკური შესაძლებლობების შემოწმება არ გამოიყენება, ვინაიდან კომპეტენცია ფიზიკურ შესაძლებლობებზე დამოკიდებული არ არის (დანართი 5, ნაწილი 0).

მუხლი 12. სერტიფიცირებულ პირთა რეესტრი

1. სერტიფიკაციის ორგანო აწარმოებს სერტიფიცირებულ პირთა რეესტრს. მონაცემები რეესტრში შეიტანება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

2. ვებგვერდზე საჯაროდ ქვეყნდება:

ა) სერტიფიცირებული პირის სახელი და გვარი;

ბ) სერტიფიკატის ნომერი, სერტიფიკაციის სფერო და მოქმედების ვადა;

გ) სერტიფიკატის სტატუსი (მოქმედი, შეჩერებული, გაუქმებული);

დ) სერტიფიცირებული პირის ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა - მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში (შეთანხმება IVA-ACP-F26-1).

3. ნებისმიერი პირის მოთხოვნით სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს, აქვს თუ არა პირს მოქმედი სერტიფიკატი და რა სფეროში.

მუხლი 13. მონიტორინგი (ზედამხედველობა)

1. მონიტორინგი არის სერტიფიცირებული პირის საქმიანობის სერტიფიკაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.

2. სერტიფიკაციის ორგანო მონიტორინგს ახორციელებს შემდეგი მეთოდებით:

ა) მონიტორინგის ფორმის (IVA-CS-F26-4) განხილვა;

ბ) რესერტიფიკაციისთვის წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის ანალიზი და სტრუქტურული გასაუბრება მე-11 მუხლის შესაბამისად;

გ) სერტიფიცირებულ პირთან დაკავშირებით შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა საჩივრების მართვის პროცედურის შესაბამისად;

დ) მე-9 მუხლითა და შეთანხმებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების შესრულების კონტროლი;

ე) სერტიფიკატისა და სერტიფიკაციის ორგანოს ნიშნის გამოყენების კონტროლი მე-15 მუხლის შესაბამისად.

3. მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგი ხორციელდება რესერტიფიკაციის პროცესში და არის რესერტიფიკაციის სავალდებულო წინაპირობა. „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგი ხორციელდება სერტიფიკატის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე.

4. სერტიფიკაციის ორგანო სერტიფიცირებული პირის სამუშაო ადგილზე გეგმიურ შემოწმებას არ ატარებს.

5. მონიტორინგის კრიტერიუმებია:

ა) სერტიფიკაციის სფეროში საშემფასებლო საქმიანობის განხორციელება სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში;

ბ) წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის შესაბამისობა შეფასების თარიღისთვის მოქმედ IVS-თან;

გ) ცოდნის აქტუალურობა (მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი);

დ) შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

ე) სერტიფიცირებული პირის მიმართ დასაბუთებული საჩივრის არარსებობა.

6. თუ მონიტორინგით გამოვლინდა სერტიფიკაციის მოთხოვნების ან შეთანხმების დარღვევა, სერტიფიკაციის ორგანო მოქმედებს მე-14 მუხლის შესაბამისად.

7. მონიტორინგის შედეგები ფორმდება მონიტორინგის ფორმაში და ინახება სერტიფიცირებული პირის საქმეში.

მუხლი 14. სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება, სფეროს შემცირება და აღდგენა

1. თუ სერტიფიცირებული პირი არღვევს პროფესიულ სტანდარტებს, წინამდებარე სქემას ან შეთანხმებას, ან სხვაგვარად აღარ აკმაყოფილებს სერტიფიკაციის მოთხოვნებს, სერტიფიკაციის ორგანო იკვლევს ამ გარემოებებს და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ზომის შესახებ.

2. სერტიფიკატის შეჩერებისა და გაუქმების საფუძვლები განსაზღვრულია შეთანხმებით (ფორმა IVA-ACP-F26-1, მე-3 და მე-4 ნაწილები), რომელიც წინამდებარე სქემის განუყოფელი ნაწილია.

3. სერტიფიკაციის ორგანო განიხილავს სერტიფიცირებული პირის პასუხისმგებლობის საკითხს შემდეგი საფუძვლით:

ა) დამკვეთის ან დამქირავებლის საჩივარი;

ბ) სერტიფიცირებული პირის დამსაქმებლის საჩივარი;

გ) იმ დაწესებულების წერილობითი განცხადება, რომელსაც წარედგინა სერტიფიცირებული პირის მიერ მომზადებული დოკუმენტი;

დ) მონიტორინგის დროს გამოვლენილი დარღვევა;

ე) ნებისმიერი სხვა პირის ან ორგანიზაციის საჩივარი, რომელიც ეხება სერტიფიცირებული პირის საქმიანობას.

4. საჩივარი ან განცხადება უნდა შეიცავდეს მისი ავტორის ვინაობას, იმ სერტიფიცირებული პირის ვინაობას, რომელსაც ეხება, მოთხოვნასა და ფაქტობრივ გარემოებებს.

5. საჩივრის ან განცხადების საფუძველზე სერტიფიკაციის ორგანო ქმნის სასაჩივრო კომისიას არანაკლებ სამი პროფესიონალი შემფასებლისგან (შიდა ან მოწვეული ექსპერტები), რომლებიც საჩივრის საგანთან დაკავშირებული არ არიან. კომისია შეისწავლის შესაძლო დარღვევას და ამზადებს დასკვნას.

6. სერტიფიცირებულ პირს ეცნობება მის მიმართ საქმის წარმოების შესახებ და განესაზღვრება ვადა ახსნა-განმარტებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სადავო ანგარიშის მასალების წარსადგენად.

7. სასაჩივრო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ერთ-ერთი ზომის შესახებ: გაფრთხილება; სერტიფიკატის შეჩერება; სერტიფიკაციის სფეროს შემცირება; სერტიფიკატის გაუქმება.

8. მიღებული ზომა დეტალურად საბუთდება. დარღვევა და ზომა დოკუმენტირდება სერტიფიცირებული პირის საქმეში.

9. პირი, რომლის სერტიფიკატიც შეჩერდა ან გაუქმდა, ვალდებულია არ გამოიყენოს სერტიფიკატი და შეწყვიტოს სერტიფიკაციის სფეროში საქმიანობა სერტიფიკატზე მითითებით, ვიდრე სერტიფიკატი აღდგება ან გაიცემა ახალი სერტიფიკატი.

10. სერტიფიკატის შეჩერების ვადა არ აღემატება 1 თვეს. თუ ამ ვადაში შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრება, სერტიფიკატი უქმდება ან მცირდება სერტიფიკაციის სფერო. საფუძვლის აღმოფხვრისას სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის აღდგენის შესახებ, რაც აისახება რეესტრში.

11. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება 15 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება სერტიფიცირებულ პირს და მომჩივანს.

12. პირს, რომელსაც გაუუქმდა სერტიფიკატი, გაუქმებიდან 1 წლის განმავლობაში არ აქვს სერტიფიკაციის პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

13. სერტიფიკატის შეჩერების, აღდგენის, სფეროს შემცირების ან გაუქმების შესახებ ინფორმაცია აისახება რეესტრში (მუხლი 12).

14. სერტიფიცირებულ პირს უფლება აქვს სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება ან სფეროს შემცირება გაასაჩივროს სააპელაციო კომისიაში მე-10 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15. სერტიფიცირებულ პირს შეუძლია საკუთარი სურვილით თქვას უარი სერტიფიკატზე და შეწყვიტოს შეთანხმება წერილობითი განცხადებით. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატი უქმდება, რაც აისახება რეესტრში; ამ პუნქტის საფუძველზე გაუქმებაზე მე-12 პუნქტი არ ვრცელდება.

მუხლი 15. სერტიფიკატისა და ნიშნის გამოყენება

1. სერტიფიცირებულ პირს სერტიფიკაციის ორგანოს ლოგოს და ნიშნის გამოყენება შეუძლია მხოლოდ სერტიფიკატზე მითითებული ფორმატით. სერტიფიკაციის ორგანოს ბრენდინგის ელემენტების დამოუკიდებლად გამრავლება ან სხვაგვარად გამოყენება დაუშვებელია.

2. სერტიფიცირებული პირი ვალდებულია: სერტიფიკაციაზე მიუთითოს მხოლოდ იმ სფეროს ფარგლებში, რომელშიც სერტიფიკატი გაიცა; სერტიფიკატი არ გამოიყენოს შეცდომაში შემყვანად ან ისე, რომ ზიანი მიადგეს სერტიფიკაციის ორგანოს რეპუტაციას; შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სერტიფიკატსა და ნიშანზე ყველა მითითება.

3. სერტიფიკატის ან ნიშნის არასწორი გამოყენებისას სერტიფიკაციის ორგანო მოქმედებს შეთანხმების (IVA-ACP-F26-1) მე-7 ნაწილისა და მე-14 მუხლის შესაბამისად.

მოამზადა: ხარისხის მენეჯერი /მარიამ კაპანაძე/

დაამტკიცა: სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი /ბაქარ დიაკონიძე/

დანართი 1. გამოცდის ადგილი და პროცესი

1. გამოცდის ადგილი და დრო კანდიდატს ეცნობება წერილობით, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

2. წერითი გამოცდა ტარდება არადისტანციურად, სერტიფიკაციის ორგანოს ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის ქ. 24). გამოცდის პროცესი იწერება ოფისის ვიდეოკამერებით.

დანართი 2. წერითი გამოცდის ჩატარების წესები და პირობები

საგამოცდო პროცესი და ტექნოლოგია

1. წერით გამოცდაზე კანდიდატი პირადად ცხადდება სერტიფიკაციის ორგანოს ოფისში.

2. წერითი გამოცდა ტარდება Bookwidgets პლატფორმის გამოყენებით.

3. გამოცდის მიმდინარეობას აკონტროლებს ზედამხედველი, რომელიც ინიშნება სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით, არ არის საგამოცდო კომიტეტის წევრი და არ აფასებს კანდიდატს. ზედამხედველი მოქმედებს საგამოცდო კომიტეტის დებულების (IVA-ECR-P26-1) დანართი 4-ის ინსტრუქციით.

4. კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზედამხედველი გამოცდის დაწყებამდე ამოწმებს კანდიდატის ვინაობას და ადარებს მას განაცხადის მონაცემებს, რაც აღინიშნება გამოცდის უწყისში (IVA-EX-F26-1).

5. გამოცდის მიმდინარეობის მთელი პერიოდი იწერება ოფისის ვიდეოკამერებით.

6. გამოცდის დროს კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ საგამოცდო კომპიუტერზე არსებული MS Excel და კალკულატორი.

7. გამოცდის დაწყებამდე კანდიდატი მობილურ ტელეფონს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს (გარდა საგამოცდო კომპიუტერისა) აბარებს ზედამხედველს. მოწყობილობის ჩაბარება და დაბრუნება აღინიშნება გამოცდის უწყისში და დასტურდება კანდიდატის ხელმოწერით.

8. კანდიდატი გამოცდიდან მოიხსნება, თუ დაფიქსირდა კარნახი, სხვებთან საუბარი, ლიტერატურის ან აკრძალული მოწყობილობის გამოყენება, დამატებითი მასალის მიწოდება ან სხვა არაკეთილსინდისიერი ქცევა. ამ დარღვევაზე რეაგირება ზედამხედველის მოვალეობაა; მოხსნის საფუძველი აღინიშნება უწყისში. გამოცდის შემდეგ სერტიფიკაციის ორგანო აანალიზებს შედეგებს არაკეთილსინდისიერი ქცევის ნიშნების გამოსავლენად (მაგ. პასუხების უჩვეულო თანხვედრა, დავალების უჩვეულოდ სწრაფი შესრულება).

9. კანდიდატი განაცხადზე ხელმოწერით კისრულობს ვალდებულებას, არ გაამჟღავნოს საგამოცდო მასალები.

ინსტრუქტაჟი

10. გამოცდის დაწყებამდე ზედამხედველი კანდიდატებს უტარებს ინსტრუქტაჟს ინსტრუქტაჟის ფურცლის (IVA-EX-F26-1, მე-2 ნაწილი) მიხედვით, რომელიც მოიცავს: ა) გამოცდის სტრუქტურას და ხანგრძლივობას (ტესტი, პრაქტიკული ამოცანები, შესვენება); ბ) შეფასების წესს და გამსვლელ ქულას; გ) დასაშვებ და აკრძალულ საშუალებებს, მათ შორის მოწყობილობების ჩაბარების წესს; დ) ნამუშევრის ჩაბარების წესს; ე) ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში მოქმედებას; ვ) გამოცდიდან მოხსნის საფუძვლებს; ზ) ზეპირი გამოცდის, შედეგების შეტყობინების, ნამუშევრის ნახვისა და აპელაციის წესსა და ვადებს. კანდიდატი ინსტრუქტაჟის გავლას ადასტურებს ხელმოწერით.

11. გამოცდის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის შესახებ კანდიდატი დაუყოვნებლივ აცნობებს ზედამხედველს. ხარვეზი და მისი გამო დაკარგული დრო აღინიშნება უწყისში; დაკარგული დრო კანდიდატს უნაზღაურდება.

ნამუშევრის ჩაბარება

12. ნამუშევრის დასრულებისას კანდიდატი Bookwidgets სისტემაში აჭერს ღილაკს „Submit“ და შეაქვს მხოლოდ ზედამხედველის მიერ მიცემული ციფრული კოდი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. კანდიდატი სახელსა და გვარს არ უთითებს. ამის შემდეგ გამოცდა დასრულებულად ითვლება.

შეფასება და უკუკავშირი

13. ტესტის შედეგს სისტემა ავტომატურად ითვლის და აგზავნის სერტიფიკაციის ორგანოს ელექტრონულ ფოსტაზე, რომელზეც წვდომა აქვს მხოლოდ სერტიფიკაციის ორგანოს მენეჯერს. პრაქტიკულ ამოცანებს აფასებენ გამომცდელები მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კანდიდატის ვინაობის ცოდნის გარეშე (კოდით).

14. კანდიდატს შეუძლია მოითხოვოს საგამოცდო ნამუშევრის ნახვა გამოცდიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის სახელზე გაგზავნილი განცხადებით (დანართი 2.1). სერტიფიკაციის ორგანოს მენეჯერი ნამუშევარს კანდიდატს აცნობს დისტანციურად (Zoom), საგამოცდო კითხვების ასლის გადაცემის გარეშე.

15. კანდიდატს შეუძლია ტესტის კითხვაში აზრობრივი ან ტექნიკური შეცდომის შესახებ განცხადების გაგზავნა (დანართი 2.2). განცხადებას 5 სამუშაო დღეში განიხილავს საგამოცდო კომიტეტი. თუ შეცდომა დადასტურდა, ეს კითხვა სესიის ყველა კანდიდატს ეთვლება სწორად ნაპასუხებად, შედეგები გადაიანგარიშება, ხოლო კითხვა ბანკში სწორდება ან ამოიღება.

აპელაცია

16. თუ კანდიდატი არ ეთანხმება შედეგს, მას შეუძლია აპელაციის შეტანა მე-10 მუხლით დადგენილი წესით და ვადაში. აპელაციას განიხილავს სააპელაციო კომისია, რომლის წევრები არ მონაწილეობდნენ გამოცდის ჩატარებასა და შეფასებაში.

დანართი 2.1. განცხადება საგამოცდო ნამუშევრის ნახვის შესახებ

სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელს
ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებლის სერტიფიცირების კანდიდატის
____________________________________ (სახელი, გვარი)

განცხადება

გთხოვთ, მომცეთ ჩემი საგამოცდო ნამუშევრის ნახვის საშუალება (ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შეფასება, გამოცდის თარიღი: ____ / ____ / 20___).

ხელმოწერა: ______________________
პირადი ნომერი: ______________________
თარიღი: ____ / ____ / 20___
ტელეფონი: ______________________
ელექტრონული ფოსტა: ______________________

დანართი 2.2. განცხადება ტესტის კითხვაში შეცდომის შესახებ

სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელს
ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებლის სერტიფიცირების კანდიდატის
____________________________________ (სახელი, გვარი)

განცხადება

მოგახსენებთ, რომ ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შეფასების საგამოცდო ტესტის კითხვაში არის აზრობრივი ან ტექნიკური შეცდომა.

კითხვის პირობა და შეცდომის აღწერა:
____________________________________________________________
____________________________________________________________
____________________________________________________________

ხელმოწერა: ______________________
პირადი ნომერი: ______________________
თარიღი: ____ / ____ / 20___
ტელეფონი: ______________________
ელექტრონული ფოსტა: ______________________

დანართი 3. ზეპირი გამოცდის პროცედურა

1. ზეპირი გამოცდა შეიძლება ჩატარდეს არადისტანციურად (სერტიფიკაციის ორგანოს ოფისში), დისტანციურად (Zoom) ან ჰიბრიდულად.

2. კანდიდატი ზეპირი გამოცდის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციას იღებს ელექტრონული ფოსტით.

3. გამოცდას იღებს სამი გამომცდელი (რესერტიფიკაციისას - არანაკლებ ორი) და აფასებს მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების კრიტერიუმებით. ანგარიშის შეფასების ფურცლები (IVA-CS-F26-6) გამოცდამდე ბარდება სერტიფიკაციის ორგანოს მენეჯერს. შედეგი („ჩაეთვალა“ ან „არ ჩაეთვალა“) ფიქსირდება ზეპირი გამოცდის შეფასების ფურცელში (IVA-CS-F26-2).

4. ზეპირი გამოცდის ხანგრძლივობაა 30 წუთი.

5. დისტანციური გამოცდისას კანდიდატი გამოცდის დაწყებისას კამერასთან წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და აჩვენებს ოთახს; კამერა და მიკროფონი ჩართულია მთელი გამოცდის განმავლობაში, გამოცდა იწერება.

6. გამოცდის შედეგი კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტით, აპელაციის უფლებისა და ვადის მითითებით.

დანართი 4. ინსტრუქცია განმცხადებლისა და კანდიდატისთვის

1. განმცხადებელი ვებგვერდზე ეცნობა სერტიფიკაციის სქემას და ჩამოტვირთავს განაცხადის ფორმას (IVA-CA-F26-1).

2. ავსებს განაცხადს, რომელშიც მიუთითებს სერტიფიკაციის სფეროს (უძრავი ქონება, მატერიალური მოძრავი ქონება ან ბიზნესი და არამატერიალური აქტივები) და ეტაპს (პირველადი სერტიფიცირება ან რესერტიფიცირება).

3. შევსებულ განაცხადს და მოთხოვნილ დოკუმენტებს აგზავნის მისამართზე certification@iva.org.ge.

4. 10 სამუშაო დღეში იღებს პასუხს კანდიდატად აღიარების შესახებ, ან ინფორმაციას დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტის შესახებ.

5. კანდიდატად აღიარების შემდეგ იხდის წერითი გამოცდის საფასურს.

6. გამოცდამდე არანაკლებ 5 დღით ადრე იღებს შეტყობინებას წერითი გამოცდის თარიღისა და ადგილის შესახებ.

7. წერითი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში იღებს შეტყობინებას ზეპირი გამოცდის თარიღის შესახებ და ამ თარიღამდე აგზავნის ზეპირი გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

8. ზეპირი გამოცდიდან ერთი კვირის ვადაში იღებს შეტყობინებას სერტიფიკაციის ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ; დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აფორმებს შეთანხმებას (IVA-ACP-F26-1) და იღებს სერტიფიკატს, ხოლო მისი მონაცემები აისახება რეესტრში.

9. ნებისმიერი ეტაპის შედეგი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში 5 სამუშაო დღის ვადაში (მუხლი 10). აპელაციის პროცედურა და ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე, აპელაცია იგზავნება მისამართზე certification@iva.org.ge.

დანართი 5. ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებლის სამუშაოს, კომპეტენციებისა და სერტიფიკაციის პროგრამის აღწერა

ნაწილი 0. სამუშაოს აღწერა, ამოცანები და კომპეტენციები

სამუშაოს აღწერა: ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებელი ამზადებს ბიზნესის (საწარმოს, წილის, აქციების) და არამატერიალური აქტივების ღირებულების შეფასებას და შეფასების ანგარიშს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) შესაბამისად და უწევს საკონსულტაციო მომსახურებას.

ამოცანები და მათთვის საჭირო კომპეტენცია:

№ამოცანაპროგრამის ნაწილი
1შეფასების დავალების განსაზღვრა: მიზანი, ღირებულების საფუძველი, შეფასების წინაპირობა, დაშვებები და სპეციალური დაშვებებინაწილები 1 და 3
2ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი: მაკროეკონომიკური გარემო, დარგი, შესაფასებელი საწარმო და მისი ისტორიული და საპროგნოზო ფინანსური ანგარიშგება, მათი კორექტირებანაწილი 1
3შესაფასებელი წილის, უფლებებისა და არამატერიალური აქტივების იდენტიფიცირება და მათი გავლენის შეფასება ღირებულებაზენაწილები 1 და 2
4შეფასების მიდგომებისა და მეთოდების შერჩევა, დასაბუთება და გამოყენება, მათ შორის დისკონტირების განაკვეთისა და მულტიპლიკატორების განსაზღვრანაწილი 2
5ფასდათმობებისა და პრემიების გამოყენება, შედეგების შეჯერება და საბოლოო ღირებულების დასაბუთებანაწილი 2
6შეფასება სხვადასხვა მიზნისთვის (მათ შორის ფინანსური ანგარიშგებისთვის) და შეფასების ანგარიშის მომზადება IVS-ის შესაბამისადნაწილი 3
7დამოუკიდებლობისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვანაწილი 1, 4.3

კომპეტენციის შეფასება: 1-7 ამოცანები ფასდება წერითი გამოცდით (ტესტი და პრაქტიკული ამოცანები) და ზეპირ გამოცდაზე წარდგენილი შეფასების ანგარიშის განხილვით (IVA-CS-F26-6, IVA-CS-F26-2).

სპეციალური შესაძლებლობები: ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებლის საქმიანობა ინტელექტუალური ხასიათისაა: ეფუძნება ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს, შეფასების მეთოდების გამოყენებასა და პროფესიულ განსჯას. ამოცანების შესრულება არ საჭიროებს სპეციფიკურ ფიზიკურ შესაძლებლობებს (მხედველობა, სმენა, მობილობა, ძალა და სხვ.), რომელთა შეფასებაც სერტიფიკაციისთვის აუცილებელი იქნებოდა. ინფორმაციის შეგროვების (ამოცანა 2) ხარისხი ფასდება მისი შედეგით, ანუ ანგარიშში ასახული ობიექტის აღწერითა და შეგროვებული ინფორმაციით. შესაბამისად, სქემა სპეციალურ ფიზიკურ შესაძლებლობებს არ ადგენს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებები გამოცდისას გაითვალისწინება მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ქცევის კოდექსი: სერტიფიცირებული პირი იცავს IVS-ის ეთიკისა და კომპეტენციის მოთხოვნებს და შეთანხმებით (IVA-ACP-F26-1) ნაკისრ ვალდებულებებს.

ნაწილი 1. შეფასების თეორიული საფუძვლები

მოიცავს თეორიულ ცოდნას ბიზნესის შეფასების შესახებ: განმარტებები, ღირებულების სახეები და მათზე მოქმედი ფაქტორები, იურიდიული საკითხები, ბიზნესის ბაზარი და შეფასების სტანდარტები.

1. ღირებულების ცნება: 1.1. ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები; 1.2. კავშირი შეფასების მიზანსა და ღირებულების სახეს შორის; 1.3. წილობრივი ფლობის უფლება და შესაფასებელი უფლებები; 1.4. შეფასების წინაპირობები (მაგ. მოქმედი საწარმო, ლიკვიდაცია და სხვ.); 1.5. საბაზრო ღირებულება; 1.6. ღირებულების სხვა სახეები.

2. ეკონომიკური და დარგობრივი ინფორმაციის წყაროები: 2.1. მაკროეკონომიკური და გარემოს ანალიზი; 2.2. დარგის ანალიზი; 2.3. დარგის სტრუქტურა და სიცოცხლის ციკლის ანალიზი; 2.4. კონკურენციის სტრატეგიები და ანალიზი.

3. შესაფასებელი საწარმოს (კომპანიის) ანალიზი: 3.1. დოკუმენტები (წესდება, ხელშეკრულებები და სხვ.); 3.2. SWOT ანალიზი; 3.3. კომპანიის ეკონომიკა (შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა); 3.4. ისტორიული და საპროგნოზო ფინანსური ანგარიშგება (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობა), ფინანსური მაჩვენებლები; 3.5. ისტორიული და საპროგნოზო ფინანსური ანგარიშგების კორექტირება.

4. შეფასების სტანდარტები: 4.1. შეფასების სტანდარტები (IVS 100-106, IVS 200, IVS 210, IVS 220, IVS 500); 4.2. საკანონმდებლო ბაზა; 4.3. შემფასებლის პროფესია და ეთიკის კოდექსი.

ნაწილი 2. შეფასების მიდგომები და მეთოდები

1. შემოსავლების მიდგომა: 1.1. ზოგადი თეორია; 1.2. ინფორმაციის წყაროები; 1.3. კაპიტალიზაციის მეთოდი; 1.4. დისკონტირების მეთოდი; 1.5. ჭარბი შემოსავლების მეთოდი; 1.6. საკუთარი კაპიტალისა და კომპანიის ფულადი ნაკადი; 1.7. რისკის გამოთვლა: CAPM, აკუმულაციის (Build-up) მეთოდი, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC); 1.8. რეალური ოფციონების მეთოდი.

2. საბაზრო მიდგომა: 2.1. ზოგადი თეორია; 2.2. ინფორმაციის წყაროები; 2.3. საბაზრო მიდგომის მეთოდები; 2.4. ანალოგი კომპანიების შერჩევა; 2.5. მულტიპლიკატორების სახეები და მათი შერჩევა.

3. აქტივების მიდგომა: 3.1. ზოგადი თეორია; 3.2. ინფორმაციის წყაროები; 3.3. კორექტირებული აქტივების მეთოდი; 3.4. ლიკვიდაციის პირობები.

4. არამატერიალური აქტივების შეფასება: მიდგომები და მეთოდები.

5. გადასახადების გავლენა.

6. ფასდათმობები, პრემიები და სხვა კორექტირებები: 6.1. ღირებულების დონეები; 6.2. სტრატეგიული კონტროლი (საჯარო ან კერძო კომპანიებში); 6.3. მინორიტარული წილი ლიკვიდურ (საჯარო) კომპანიაში; 6.4. საკონტროლო წილი კერძო კომპანიაში; 6.5. ფასდათმობა კონტროლის არარსებობაზე და კონტროლის პრემია; 6.6. სხვა ფასდათმობები და პრემიები.

7. დასკვნა ღირებულებაზე: სხვადასხვა მეთოდით მიღებული შედეგების შეჯერება.

ნაწილი 3. შეფასება სხვადასხვა მიზნისთვის და შეფასების დასკვნა

1. შეფასება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის: 1.1. სამართლიანი ღირებულების შეფასება; 1.2. გაუფასურების ტესტი, გუდვილისა და სხვა არამატერიალური აქტივების შეფასება; 1.3. შესყიდვის ფასის გადანაწილება.

2. შეფასების დასკვნა, შინაარსი და სტრუქტურა.

3. შეფასების დასკვნის რევიუ, შინაარსი და სტრუქტურა.

ბიბლიოგრაფია: შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (International Valuation Standards) და შესავალში მითითებული ლიტერატურა.

ცვლილებების ცხრილი

№თარიღიცვლილების შინაარსისაფუძველი
105.11.2021მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი (სქემა IVA-CS-P/20-1-3)ბრძანება IVA-O-21-06
211.06.2025ლიტერატურა: მიეთითა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების 2025 წლის რედაქცია (სქემა IVA-CS-P/20-1-3)-
330.10.2026ახალი გამოცემა ახალი კოდით: სქემა შესაბამისობაში მოვიდა სსტ ისო/იეკ 17024:2026-თან და გადავიდა უძრავი ქონების სქემის (IVA-CS-P26-1-1) ერთიან ფორმატზე; ტესტის კითხვების რაოდენობა 60-დან შეიცვალა 40-ით, პრაქტიკული ამოცანები 4-დან 3-ით, წერითი გამოცდის გამსვლელი ქულა განისაზღვრა 36 ქულით (ტესტში არანაკლებ 28, ამოცანებში არანაკლებ 8) (მუხლი 8); რესერტიფიკაციისას განგრძობითი პროფესიული განვითარების ინფორმაცია გახდა არასავალდებულო და გაუქმდა 40-საათიანი მოთხოვნა (მუხლი 11); ზეპირი გამოცდისა და რესერტიფიკაციის შედეგის აპელაცია (მუხლი 10); პირობითი დაშვება (მუხლი 7); ბანკის გადახედვა და ტესტის ანალიზი (8.5); შესვენება (8.4); ამოცანების მეორე შემოწმება (8.7); ანგარიშის შეფასების ფურცელი IVA-CS-F26-6 და 75%-იანი ზღვარი (8.10); რესერტიფიკაციის განაცხადის ვადა და ორი გამომცდელი (11.1, 11.4); რეესტრი (12.2); წერითი გამოცდის წესები, ინსტრუქტაჟი და ზედამხედველი (დანართი 2); სამუშაოს აღწერა, კომპეტენციები და პროგრამა (დანართი 5)ბრძანება IVA-O-26-06